English / ქართული /








Journal number 1 ∘ Irakli Kovzanadze
Georgia’s Agricultur Financial Support Policy on the Modern Stage

Paper covers modern state of agriculture industry of Georgia, scale and sources of funding. Local practices are compared with other sectors of national economy and similar indicators of leading countries of the world.

Agriculture in Georgia is one of the weakest points of the national economy. Irrespective of the fact that it employs over 40 percent of the total number of people employed in the national economy, its share of Gross Domestic Product (GDP) is way below and has not exceeded 8-9 percent in recent years.

Share of agriculture in the output of the national economy is a mere 7.1 percent. Its share in the turnover of the business sector is only 0.6 percent, while 1.2 percent of its output. Labour productivity of agriculture in Georgia is 8.6 times less than in other sectors of the economy.

More vivid is the slowdown in contrast with leading countries of the world. For instance, 22 times less output is made per employed person in Georgia compared to the European Union (EU).

Low level of labour effectiveness, income and ultimate welfare in reference with other sectors of the economy is predominantly caused by the weaknesses in the material-technical base of the sector, poor provision of equipment and critically low level of modern technologies and scientific achievements. Current labour productivity in the agriculture sector of Georgia is at 38-40 percent of what existed back in 1980’s.

Low labour productivity in the agriculture sector of Georgia is reflected in need to import growing volumes of food and agriculture products. Average annual negative balance between the export and import of food and agriculture products in 2011-2018 amounted 462.4 MLN GEL.

Agriculture is lagging behind in Georgia due to the lack of finance, among other key factors. This reason may be further broken down by its own components. These are the potentially credit resources (to be drawn from commercial banks), financial support to be provided by the state and FDI.  Irrespective of recent increase in absolute numbers, each of them falls below the level required resources and poor effectiveness of disposable income utilization.

Only in recent 9 years commercial banks of Georgia has collectively issued 89.8 BLN GEL in loans to resident legal entities in national and foreign currencies for all types of activities.  Out of the quoted amount, only 1.7 BLN GEL (1.9 percent) was aimed for agriculture. By the end of 2018 total amount of exposure of legal and physical entities of Georgia towards commercial banks was almost 25.5 BLN GEL, out of which 0.4 BLN GEL (1.60 percent) was owned in the agriculture sector.

High cost of credit resources and risky nature of the economic activity are among the factors leading to the significant restriction of a wide use of credit resources in the agriculture sector of Georgia.

State has been actively supporting the agriculture sector of the country. In 2013-2019 State Budget allocations to this particular sector of the economy exceeded 4.56 BLN GEL. In 2019 earmarking from the State Budget of Georgia will reach 2.2 percent, similar to the previous year.

State engagement in recent years has been witnessed in such supportive projects of agriculture, as Produce in Georgia, Plant in Georgia, Tea Plantation Rehabilitation Program, Agriculture Production Facilitation Program, Concessional Agriculture Lending and others. Ministry of Agriculture of Georgia has been implementing seven concessional projects since 2013, out of which one is an interest-free in kind commodity lending for small-hold farmers, while the other five – low interest-bearing agriculture loans (for medium to large farmers for working capital, fixed assets and technologies required in the agriculture production; grape processing and exporting companies; supplemented with grant financing for agriculture processing plants) and one – concessional leasing for agriculture.

In line with a Report released by the Ministry of Agriculture of Georgia, investments in the volume of 144.7 MLN USD have been made in 2013-2017, out of which 77.6 MLN USD were made by beneficiaries, 60.4 MLN USD – funding obtained through concessional agriculture lending and 6.7 MLN USD – grant financing.

In addition, state funding of agriculture sector still makes Georgia to lag behind the leading countries of the world. Namely, it does not exceed 0.55 percent of GDP in Georgia, while it is 1 percent in USA, 1.3 percent – in EU and 1.4 percent – in Japan. These indicators viewed as per capita values produces the following numbers: 21 USD in Georgia, 143 USD in USA, 208 USD in EU and 375 USD in Japan.

Share of FDI in the agriculture sector of Georgia is extremely low. Average annual volume of FDI to the agriculture sector of the country in recent dozen of years has amounted only about 30 MLN USD, which is absolutely insufficient for the development of technically, technologically and organization-wise retarded sector.

As for the insurance of agriculture as the most important component of sustainable development of the sector, it is further more unfavourable. For instance, private insurance companies are gradually entering the market in Georgia with such offerings as crop insurance (grain, wheat and corn), fruit insurance (apple, pear) and citrus insurance (tangerine), vine care, along with potato, cattle and hazelnut plantation insurance. However, 9/10 of agriculture insurance is still falling within the category of state subsidy, which is not the best solution to the dilemma. Insurance premium in Georgia in reference with GDP of the country amounted only 1.2 percent in 2017. With this indicator Georgia falls behind the average international level by 5 times (respectively 1.2 and 6.13 percent), while Georgia lags behind them by only 2 times in terms of its economic development.

Overall, if we look at the funding of agriculture by all types of sources, we will find out that only about 2/5 falls within the State Budget allocations; half of the required resources is mobilized from commercial bank loans as a rule and 1/10 – through FDI.

As of now, each GEL spent in agriculture sector of Georgia gets a 6 GEL return with value added and about 9 GEL in terms of total production. Dynamic path of development in the agriculture sector of Georgia lays through reduced ratio of human labour force and increased funding.

Keywords: Agriculture; Finance; Lending; Foreign Direct Investment (FDI).

JEL Codes: Q10, Q12, Q14, Q18

საქართველოს სოფლის მეურნეობის ფინანსური უზრუნველყოფის  პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე

სტატიაში განხილულია საქართველოს სოფლის მეურნეობის თანამედროვე მდგომარეობა, მისი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფის მასშტაბები და წყაროები; განხორციელებულია შედარებები ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებსა და მოწინავე ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან.

საკვანძო სიტყვები: სოფლის მეურნეობა, ფინანსირება, დაკრედიტება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

სოფლის მეურნეობა ეკონომიკის უძველესი დარგია, რომლის წვლილი მსოფლიო  ცივილიზაციის განვითარებაში ფასდაუდებელია. საქართველოს მატერიალური კულტურის არტეფაქტები პირველ რიგში სწორედ ეკონომიკის აღნიშნულ დარგს უკავშირდება. საუკუნეთა მანძილზე სოფლად ცხოვრობდა მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რომელიც სოფლის მეურნეობაში ქმნიდა საზოგადოებრივი სიმდიდრის უდიდეს ნაწილს.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებამ ტექტონიკური ძვრები გამოიწვია საზოგადოების მწარმოებლურ ძალთა განვითარებასა და ეკონომიკურ ურთიერთობებში, უზრუნველყო წარმოების პროდუქტიულობის, მოსავლიანობის მკვეთრი ზრდა სოფლის მეურნეობაშიც, რომელსაც ბევრ ქვეყანაში  „მწვანე რევოლუციაც“ კი უწოდეს.

აღნიშნულის ფონზე, საქართველოში აგრარული სექტორი 1990-იან წლებში ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ქართულმა აგრარულმა პროდუქციამ სსრკ-ს დაშლის შემდეგ თითქმის მყისიერად დაკარგა უზარმაზარი გასაღების ბაზარი, მეორე მხრივ, კოლექტივისტურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის და კერძო საკუთრების კულტივაციის პროცესში, რომ იტყვიან, „ნაბან წყალს ბავშვიც თან გადააყოლეს“ - არამარტო მოიშალა  სოფლად ერთობლივი, კოლექტიური საქმიანობის ორგანიზაციული ფორმები - კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები, არამედ ამის პარალელურად ადგილი ჰქონდა მათ საკუთრებაში არსებული მანქანა-ტრაქტორთა პარკის, ენერგეტიკული დანადგარების, მთლიანად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დატაცება-განადგურებას. იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა ახალი მეცნიერული მიღწევების, სელექციური ჯიშებისა და თვისებრივად ახალი სახეობების პროდუქციის დანერგვისა და გავრცელების პოლიგონს, საქართველოს სოფლის მეურნეობა, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შრომის მწარმოებლურობა, ზემოთ დასახელებულ გარემოებათა გამო,   რამდენიმე ათეული წლით უკან აღმოჩნდა გადასროლილი...

სოფლის მეურნეობის ადგილი თანამედროვე საქართველოს ეკონომიკაში

საქართველოს სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სუსტი რგოლია. - მიუხედავად იმისა, რომ ამ დარგში დასაქმებულთა რაოდენობა ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა 40%-ს აღემატება, მისი წილი მშპ-ის ფორმირებაში ჯერადად დაბალია - ბოლო წლებში იგი 8-9%-ს არ აღემატება.[1] თუ რამდენად მოკრძალებულია ამ დარგის წვლილი ეროვნულ ეკონომიკაში, მეტყველებს თუნდაც ის, რომ ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტი 2005 წელთან შედარებით 2018 წელს გაიზარდა 85%-ით,[2] მათ შორის სოფლის მეურნეობის გამოკლებით - 105%-ით, სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულება აღნიშნულ პერიოდში არა თუ არ გაზრდილა, არამედ შემცირდა კიდეც - 4.5 %-ით. შედეგად მივიღეთ აღნიშნული დარგის წვლილის მნიშვნელოვანი დაკნინება საქართველოს ეროვნულ ეკონომიკაში, რაზეც ქვემოთ მოტანილი ცხრილიც ადასტურებს. 

სოფლის მეურნეობის წვლილი საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტში 1996-2018 წლებში (მიმდინარე ფასებით)

ცხრილი 1

წლები

1996

2000

2005

2010

2015

2016

2017

2018

%%

34.1

21.9

16.7

8.4

9.1

9.0

8.0

8.1

 როგორც მოყვაანილი ცხრილიდან ჩანს, აგრარული სექტორი ხანგრძლივი დროის მანძილზე იმყოფებოდა დეპრესიულ მდგომარეობაში. საკმარისია ითქვას, რომ 1990-ინი წლებიდან ვიდრე 2013 წლამდე, ზედიზედ არ ყოფილა ორი წელი, როცა დროსაც ადგილი ექნებოდა ზრდას ამ სექტორში - ერთ წელში ზრდას მეორე წელს „ტრადიციულად“ ენაცვლებოდა მისი შემცირება. - საპირისპირო მდგომარეობას, ანუ როცა წარმოება ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში ეცემოდა სოფლის მეურნეობაში, ადგილი ჰქონდა 2008-2010 წლებში, ხოლო ამ დარგში 2007 წლის დონე ხელმეორედ დაძლეულ იქნა მხოლოდ 2013 წელს.

მიუხედავად ბოლო წლებში მდგომარეობის რამდენადმე გამოსწორებისა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები აგრარულ სექტორში მნიშვნელოვნად - დაახლოებით 2.5-ჯერ  ჩამორჩებოდა ზრდას დანარჩენ ეკონომიკაში, რაზეც მკაფიო წარმოდგენას ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი იძლევა.

    გრაფიკი 1


[1]სტატიაში სოფლის მეურნეობაზე მსჯელობისას, ამ სექტორში შექმნილი დამატებულ ღირებულებასა და მთლიან გამოშვებაში იგულისხმება აგრეთვე ნადირობის, სატყეო მეურნეობის, თევზჭერისა და მეთევზეობის საქმიანობაში დამატებული ღირებულება და მთლიან გამოშვება. - აღნიშნული დარგების  მთლიან მაჩვენებელში სოფლის მეურნეობის წილი94 %-ს აღემატება.

[2]აქ და შემდგომ - 2018 წლის მონაცემები - წინასწარი შეფასებით.

სოფლის მეურნეობის ჩამორჩენა დასტურდება სხვა ინდიკატორებითაც. ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში სოფლის მეურნეობის წილად მოდის მხოლოდ 7.1%; მისი წილი ბიზნესსექტორის ბრუნვაში მხოლოდ 0.6%, ხოლო გამოშვებაში - 1.2%-ია. დღეისათვის საქართველოს ეკონომიკის ერთერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, სადაც მობილიზებულია დასაქმებულთა 42.9%, უზრუნველყოფს ქვეყნის მშპ-ის მხოლოდ 8 %-ის წარმოებას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულის მიერ წლის განმავლობაში იქმნება მხოლოდ 3.6 ათასი ლარი დამატებული ღირებულება, მაშინ როდესაც მთელი ეკონომიკის საშუალო მაჩვენებელი - 19.1 ათასი ლარი, მათ შორის ეროვნული ეკონომიკის დანარჩენ დარგებში - 30.7 ათასი ლარის. საქართველოს სოფლის მეურნეობაში შრომის მწარმოებლურობა დაახლოებით 8.6-ჯერ დაბალია, ვიდრე ეკონომიკის დანარჩენ დარგებში.

კიდევ უფრო თვალსაჩინოა სოფლის მეურნეობის ჩამორჩენა მოწინავე ქვეყნებთან შედარებით. მაგალითად, ევროკავშირში ერთ დასაქმებულზე შრომის მწარმოებლურობამ შეადგინა 17581 ევრო, საქართველოში - დაახლოებით 800 ევრო, ანუ ევროკავშირის დონის მხოლოდ 4.5% (22-ჯერ ნაკლები). ამასთან, შრომის მწარმოებლურობა ევროკავშირის უღარიბეს ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი და რუმინეთი, საქართველოსთან შედარებით 3.8-ჯერ, ხოლო ისეთ მოწინავე ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, 51-ჯერ, დანია - 71-ჯერ, ხოლო ნიდერლანდები - 85-ჯერ მაღალია [6].[1]

აღნიშნული გარემოება ხაზს უსვამს ამ დარგში დასაქმების უაღრესად დაბალ ეფექტიანობას. აქ დასაქმებული ერთი პირის მიერ იქმნება შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის მხოლოდ 174.1%, მაშინ როდესაც იმისათვის, რომ შრომა აღნიშნულ სექტორში ეფექტიანად ჩაითვალოს, საჭიროა ეს თანაფარდობა, სულ ცოტა, 300%-ს აღემატებოდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეისათვის ამ დარგს ხელოვნურად „მიწერილი“ ჰყავს დაახლოებით 306 ათასი ადამიანი, რომელთა სტატუსი აღრიცხვიანობის სხვა პარადიგმის არსებობის შემთხვევაში დასაქმებულთა კი არა, უმუშევართა კატეგორიაში იქნებოდა გადასაყვანი.აგრარულ სექტორში უმუშევრობის დაბალი დონის ხელოვნურობაზე მეტყველებს ისიც, რომ სოფლად მისი ოფიციალური დონე 3-ჯერ ჩამორჩება ქალაქ-დასახლებების ანალოგიურ მაჩვენებელს (2018 წლის მესამე კვარტალში, შესაბამისად, 6.0% და 18.3%). ეს იმის პარალელურად, რომ საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე ქალაქად მეტია სოფელთან შედარებით: მთლიანი შემოსავალი - 30.5%-ით ხოლო ფულადი შემოსავლები - 51.9%-ით.

აგრარულ სექტორში შრომის მწარმოებლურობის, შემოსავლებისა და, საბოლოო ანგარიშით, კეთილდღეობის შედარებით დაბალი დონე სხვა სექტორებთან შედარებით, დიდწილად გამოწვეულია ამ სფეროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სისუსტის, დაბალი ფონდშეიარღებისა და თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენების კრიტიკულად დაბალი დონით. 1988 წელს, როდესაც საქართველოს სოფლის მეურნეობას ჰქონდა 28.5 ათასი სატვირთო ავტომობილი, 1.7 ათასი კომბაინი, 27.2 ათასი ტრაქტორი, 2.0  მლნ ცხენის ძალის ჯამური სიმძლავრის ძრავები [9, გვ.229],სოფლად ერთ დასაქმებულზე მთლიანი გამოშვება შეადგენდა 3.9 ათას მანეთს, დამატებული ღირებულების წარმოება კი - 2.4  ათას მანეთს [11, გვ.112].  ეს მანეთისა და ლარის მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით თანამედროვე ფასებით შეადგენს დაახლოებით, შესაბამისად, 15.4 ათას ლარსა და 9.6 ათას ლარს. გამოდის, რომ შრომის ამჟამინდელი მწარმოებლურობა  საქართველოს აგრარულ სექტორში 1980-იანი წლების მიწურულის მხოლოდ 38-40%-ის დონეზეა.

საქართველოს აგრარულ სექტორში შრომის დაბალი მწარმოებლურობა ვლინდება იმაშიც, რომ ქვეყანას უხდება სულ უფრო მზარდი ოდენობით აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტირება. ასეთი პროდუქციის იმპორტი შესადარი ფასებით 2017 წელს 2000 წელთან შედარებით, 4.9 ჯერ გაიზარდა და 1177.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საშუალოწლიურმა უარყოფითმა სალდომ აგროსასურსათო საქონლის ექსპორტსა და იმპორტს შორის 462.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.[2]უფრო მეტიც, ბოლო 2 წელია (2017-2018 წწ.) საქართველოში აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტმა კვლავ გადააჭარბა ქვეყნის აგრარულ სექტორში წარმოებული პროდუქციის  მოცულობას, რაზეც მკაფიო წარმოდგენას მეორე გრაფიკი იძლევა.

     გრაფიკი 2


[1]მდგომარეობა ამჟამად რამდენადმე უკეთესიც კია, ვიდრე ამ რამდენიმე წლის წინ. როგორც წერდა ქართველი მკვლევარი იოსებ ბაჩიაშვილი, „ერთი ჰოლანდიელი წელიწადში უშვებს იმდენივე პროდუქციას, რამდენსაც 162 ამავე საქმიანობით დაკავებული ქართველი“ [12,გვ.119].

[2]საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, აგროსასურსათო საქონლის ექსპორტი საქართველოდან ხორციელდება 93 ქვეყანაში, ხოლო იმპორტი ხორციელდება 102 ქვეყნიდან [3; გვ.13].

მიუხედავად სასურსათო პროდუქციის ასეთი მასშტაბური იმპორტისა, ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებები სურსათზე ვერ კმაყოფილდება. მაგალითად, ხორცისა და ხორცპროდუქტებზე მოთხოვნილების სრულად დასაკმაყოფილებლად საჭირო იქნებოდა ან ადგილობრივი წარმოების 2.5-ჯერ გაზრდა, ან იმპორტის გაორმაგება, რისთვისაც, მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, საჭირო იქნებოდა ყოველწლიურად დამატებით 130 მლნ დოლარის  გამოძებნა.

აგრარული სექტორის დაფინანსების წყაროები და მასშტაბები

საქართველოს აგრარული სექტორის ასეთი ჩამორჩენის განმაპირობებელი ფაქტორებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით საგულისხმოა ფინანსური ასპექტი, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება. ესაა საკრედიტო რესურსები შესაბამისი დაწესებულებებისაგან (კომერციული ბანკები), სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. თითოეული მათგანის მიხედვით, მიუხედავად ბოლო წლებში აბსოლუტური ზრდისა,  შეინიშნება მოთხოვნილებასთან შედარებით რესურსების დეფიციტი და განკარგვადი რესურსების გამოყენების დაბალი ეფექტიანობა.

მოკლედ შევეხოთ თითოეულ მათგანს.

საკმარისია ითქვას, რომ ბოლო 9 წლის მანძილზე საქართველოს კომერციულმა ბანკებმა ჯამურად რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გასცეს 89.8 მლრდ ლარის სესხები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საქმიანობის ყველა სახეობების მიხედვით. აქედან სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა მხოლოდ 1.7 მლრდ ლარის  სესხები (1.9%).

მართალია, ბოლო წლებში აშკარად იზრდება საკრედიტო რესურსების გამოყენება ეკონომიკაში, უფრო მეტიც, ასევე საგრძნობია დროის გარკვეულ პერიოდში გაცემული კრედიტების თანაფარდობის ზრდა იმავე პერიოდში შექმნილ მშპ-სთან და მასში აგრარული სექტორის წილზე, თუმცა ამ დარგის მდგომარეობა ამ ასპექტითაც საკმაოდ მოკრძალებულია, რაზეც ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი იძლევა წარმოდგენას.

       გრაფიკი 3

      

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2018 წლის ბოლოსათვის, საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირების კომერციული ბანკებისადმი დავალიანების მთლიანი მოცულობა თითქმის 25.5 მლრდ ლარი იყო, საიდანაც აგრარულ სექტორზე მხოლოდ 0.4 მლრდ ლარი (1.60%) მოდიოდა.

ფაქტობრივად, ერთეულ წარმოებულ დამატებულ ღირებულებაზე ქვეყნის აგრარული სექტორი საბანკო სექტორისაგან ღებულობს 4-5-ჯერ ნაკლებ საკრედიტო რესურსს, ვიდრე ეკონომიკის დანარჩენი სექტორები. არადა, იმ ჩამორჩენის ფონზე, რაშიც ამჟამად ქვეყნის აგრარული სექტორი იმყოფება, დარგს საშუალოზე ჯერადად მეტი რესურსი და მხარდაჭერა სჭირდება.

აღნიშნულს ემატება ისიც, რომ საკრედიტო რესურსის ფასი საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელთან შედარებით თითქმის 1/3-ით შემცირდა, ჯერაც საკმაოდ მაღალია და საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 2-ჯერ და მეტად აღემატება. საკრედიტო რესურსის სიძვირე და ეკონომიკური საქმიანობის მაღალრისკიანობა ის ფაქტორებია, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს სოფლის მეურნეობაში საკრედიტო რესურსების უფრო მასშტაბურ გამოყენებას. 

ერთადერთი თვალშისაცემი წინგადადგმული ნაბიჯი აგრარული სექტორისათვის სესხების გაცემაში არის პროცესის მნიშვნელოვანი დედოლარიზაცია. – დღეისათვის, როგორც მთლიანად, ისე აგრარულ სექტორში გაცემული სესხების ნახევარზე მეტი ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ამასთან,  2010 წელთან შედარებით 2018 წლისთვის ეროვნულ ვალუტაში აგრარულ სექტორზე გაცემული სესხების წილი თითქმის 2.3-ჯერ გაიზარდა (24.1%-დან 54.8%-მდე), მაშინ როდესაც ეროვნულ მეურნეობაში ზრდა მხოლოდ  1.8-ჯერადი იყო (შესაბამისად, 2010 წლის 28.9%-დან 2018 წლის 53.1%-მდე). აღნიშნული პროცესის დინამიკა თვალსაჩინოდაა წარმოჩენილი მე-4-ე გრაფიკში.

      გრაფიკი 4

სახელმწიფო ბოლო წლებში აქტიურად ეხმარება სოფლის მეურნეობას. მარტო 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის დარგში სახელმწიფო ასიგნებებმა ჯამურად 4.56 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2019 წლისთვის ამ დარგის წილი სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან ასიგნებებში, ისევე, როგორც წინა წელს, 2.2%-ს მიაღწევს (ამ მხრივ პიკური მაჩვენებელი 2014 წელს იყო - 3.0%). ამასთან, ასიგნებების მოცულობა სოფლის მეურნეობის სამინისტროზე რამდენადმე აღემატება დარგის დაფინანსების მასშტაბებს(იხ. გრაფიკი 5).

გრაფიკი 5 

სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში რამდენადმე ჩამორჩება ამ დარგის წილს ქვეყნის დამატებული ღირებულების ფორმირებაში (შესაბამისად, 7.1% და 8.1%) - ძირითადად იმის გამო, რომ ცოცხალი შრომის მონაწილეობა აგრარულ სექტორში გაცილებით მაღალია ეკონომიკის სხვა დარგების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 

ბოლო წლებში სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ისეთი  პროექტების  რეალიზაცია, როგორიცაა - „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე საქართველოში“, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტი და სხვ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წელიდან ახორციელებს შვიდ შეღავათიან პროექტს, რომელთაგან ერთი უპროცენტო სასაქონლო კრედიტია მცირე ფერმერთათვის, ხუთი - დაბალპროცენტიანი აგროკრედიტი (საშუალო და მსხვილი ფერმერებისათვის საბრუნავი საშუალებების შეძენისათვის; სასოფლო-სამეურნეო საწარმოთათვის ძირითადი საშუალებებისა და ტექნოლოგიების დასაფინანსებლად; ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის; ციტრუსების გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიებისათვის; თანმხვედრი გრანტით დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის) და ერთი - შეღავათიანი აგროლიზინგი - არაუმეტეს 3%-ით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 2013-2017 წლებში დარგში განხორციელდა 144.7 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, საიდანაც 77.6 მლნ - ბენეფიციარის მიერ გაწეული ინვესტიციებია, 60.4 მლნ აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტით მიღებული დაფინანსება და 6.7 მლნ აშშ დოლარი - გრანტი [3,გვ.26].

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება. ამ პროგრამით, მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. პროგრამა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ქვეკომპონენტია და მიზნად ისახავს ისეთი პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა სასმელი წყლის და სარწყავი სისტემებისსანიაღვრე არხების მოწესრიგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზების და ხიდების მოწესრიგება,  გარეგანათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვ. მისი მოცულობა 20 მლნ ლარია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2013-2017 წლებში შეღავათიანი აგროკრედიტის, აწარმოე საქართველოში - აგრო ნაწილი, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში დაფინანსდა და ამოქმედდა 166 ახალი საწარმო (აქედან, 29 ახალი საწარმო შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში), ხოლო გაფართოვდა/გადაიარაღდა 845 არსებული საწარმო. სააგენტოს მიერ განხორციელებულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 60 მლნ ლარი ახალ საწარმოების დაფინანსების ნაწილში. დაფინანსებული და ამოქმედებული ახალი საწარმოების მიერ ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა (2013-2017წწ.) შეადგინა 168 მლნ ლარი, ხოლო გაფართოებული საწარმოების მიერ - 200 მლნ ლარი [3, გვ.30].

გაღებული სახსრები უკვე იძლევა ეკონომიკურ სარგებელს. კერძოდ, ახლად ამოქმედებული საწარმოების მიერ გადახდილი გადასახადების თანაფარდობამ ზემოხსენებულ დაფინანსებასთან თუ 2015 წელს მხოლოდ 31.5% შეადგინა, 2016 წელს - 44.8%, ხოლო 2017 წელს - უკვე 68.7 % [3,გვ.31].

ამასთან, აგრარული სექტორის სახელმწიფო დაფინანსება, მიუხედავად ბოლო წლებში თვალსაჩინო ზრდისა, მაინც საგრძნობლად ჩამორჩება ამ მხრივ მოწინავე ქვეყნებს. კერძოდ, ქვეყნის მშპ-თან მიმართებით სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა 0.55%-ს არ აღემატება, მაშინ როდესაც აშშ-ში იგი 1%-ია, ევროკავშირში - 1.3%, იაპონიაში - 1.4%. მოსახლეობის ერთ სულზე აღნიშნული სახსრები შეადგენს: საქართველოში - 21$, აშშ-ში - 143$, ევროკავშირში - 208$, იაპონიაში - 375$.

თუ პრობლემას სხვა კუთხითაც, კერძოდ, აგრარულ სექტორში შექმნილი მშპ-ის ზრდისა და ამ სექტორზე სახელმწიფო ასიგნებების დინამიკის მიხედვითაც შევხედავთ, არასახარბიელო სურათს -სახელმწიფო ასიგნებების ზრდის ეკონომიკის ზრდასთან შედარებით ჯერად უპირატესობას დავინახავთ. კერძოდ, 2010 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა თითქმის 9-ჯერ, მთლიანად სოფლის მეურნეობის დარგის დაფინანსება - - 5.8-ჯერ, ხოლო დარგის პროდუქციამ ამ პერიოდში მხოლოდ 85.4%-ით მოიმატა (ისიც, მიმდინარე ფასებით).

     გრაფიკი 6

2010 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობაში შექმნილი პროდუქციის ზრდა 2018 წლისთვის, მხოლოდ 16.5%ით (მუდმივ ფასებით), ან თუნდაც 85.4%ით (მიმდინარე ფასებით) სავსებით არადამაკმაყოფილებელია, მით უფრო, რომ მთლიანად საქართველოს ეკონომიკა ამ პერიოდში რეალურად გაიზარდა 36.8%-ით, ხოლო მიმდინარე ფასებით - 2-ჯერ და მეტად (მთელი ეკონომიკა, სოფლის მეურნეობის დარგის გარეშე, შესაბამისად, 45.7%-ით და 134.5%-ით).

საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, აგროსასურსათო სექტორის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს საპარტნიორო ფონდიც, რომელიც კაპიტალის 50%-ით აფინანსებს სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოდგენილ იმ პროექტებს, რომელთა საინვესტიციო მოცულობაც 5 მლნ ლარს აღემატება. თუმცა, პროექტების სიმცირისა და სახსრების შედარებით მოკრძალებული ჯამური სიდიდის გამო, მისი გავლენა საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებაზე ჯერჯერობით უმნიშვნელოა.

ქვეყნის შიდა რესურსების გამოყენებისა და მხარდაჭერის გარდა, დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, აგრეთვე, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის წილი საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში უაღრესად დაბალია. ბოლო ათწლეულში უცხოური ინვესტიციების საშუალოწლიურმა მოცულობამ ქვეყნის აგრარულ სექტორში მხოლოდ დაახლოებით 30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,რაც ტექნიკურად, ტექნოლოგიურად და ორგანიზაციულად ჩამორჩენილი დარგის განვითარებისათვის აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია. ამ ხნის მანძილზე  პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან აგრარულ სექტორში განხორციელებული დაბანდებების წილი არასდროს ყოფილა 1.58%-ზე მეტი (2012 წ.), ცალკეულ წლებში კი იგი 0.5%-იც კი იყო, ანუ ამ ასპექტით ჩამორჩენა ეროვნულ ეკონომიკაში დარგის წვლილთან დაახლოებით 6-16-ჯერადი იყო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფორმატში უნდა განვიხილოთ ის მიზნობრივი დაფინანსებაც, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტები გამოუყოფენ საქართველოს. ამათგან აღსანიშნავია ევროკავშირის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს „ENPARD საქართველოს“ პროგრამას (52 მლნ. ევრო). ეს პროგრამა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას, მცირე ფერმერთა ასოციაციის განმტკიცებას და ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესებას.

აგროდაზღვევის მასშტაბები

სოფლის მეურნეობის, მთლიანად აგრარული სექტორის მდგრადი განვითარებისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტთან მიმართებით როგორიცაა - დაზღვევა, ამ მხრივ მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. მართალია, საქართველოში თანდათანობით ფეხს იკიდებს კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის ისეთი სახეობები, როგორიცაა მარცვლეულის (ხორბლის, ქერის, სიმინდის), ხილის (ვაშლის, ატამის), ციტრუსების (მანდარინის), ვაზის მოსავლის, აგრეთვე კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და თხილის ნარგავების  დაზღვევა. მაგრამ აგროდაზღვევის 9/10-ზე მეტი ჯერჯერობით მაინც სახელმწიფო სუბსიდირებაზე მოდის, რაც არამარტო არაა პრობლემის გადაჭრის საუკეთესო ვარიანტი, არამედ აფიქსირებს იმ მდგომარეობას, რომ სადაზღვევო ინსტიტუტი საქართველოში შედარებით ნაკლებადაა განვითარებული[1]. აგრარული სექტორი, ზოგადად,  მაღალრისკიანია, რის გამოც ბოლო დრომდე სადაზღვევო პრემია, ფაქტობრივად, ვერ ფარავდა ასანაზღაურებელ ხარჯებს. საქართველოში მთლიან მოზიდულ სადაზღვევო პრემიაში აგროდაზღვევის წილი 2-ჯერ და მეტად ჩამორჩება აგრარული სექტორის წილს ქვეყნის მშპ-ის ფორმირებაში (შესაბამისად, 4% და 8.1%) მაშინ, როდესაც, მაგალითად, აშშ-ში აბსოლუტურად განსხვავებულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე - იქ სადაზღვევო პრემიის მოცულობაში აგროდაზღვევის წილი თითქმის 6-ჯერ აღემატება დარგის წილს ქვეყნის მშპ-ში (შესაბამისად, 6.5% და 1.1%). ყოველივე ეს აგრარული სექტორის, როგორც საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სუსტ რგოლად ყოფნის კიდევ ერთი  თვალსაჩინო ინდიკატორია.

---------------------------------------------------------------------------

[1]საქართველოში სადაზღვევო პრემიის თანაფარდობამ ქვეყნის მშპ-სთან 2017 წელს შეადგინა მხოლოდ 1.2 %. - სადაზღვევო პრემიის თანაფარდობით მშპ-სთან საქართველო საშუალო მსოფლიო დონეს 5-ჯერ ჩამორჩება (შესაბამისად, 1.2% და 6.13%), მაშინ როდესაც ეკონომიკური განვითარების დონით საქართველო საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს მხოლოდ 2-ჯერ ჩამორჩება. შედარებისათვის: სადაზღვევო პრემიის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან შეადგენს (2017 წ. მდგომარეობით): ტაივანი - 21.3%, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა  -13.8%, ფინეთი - 10.7%, ნიდერლანდები - 9.6%, საფრანგეთი - 9.0%, აშშ - 7.1% [7, გვ.46].

დასკვნის მაგიერ

ამრიგად, საქართველოს სოფლის მეურნეობის თანამედროვე მდგომარეობის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი შეფასება შეუძლებელია. ერთი მხრივ, ადგილი აქვს სახელმწიფოსა და ინვესტორების მხრიდან დაინტერესების ზრდას. ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა დარგში განხორციელებულმა სახელმწიფო და კერძო ფინანსურმა ინექციებმა, ამ სფეროში საქმიანობის, წარმოებული პროდუქციისა და სავარგულების სულ უფრო მზარდი ნაწილი მოექცა სადაზღვევო ქოლგის ქვეშ.

მეორე მხრივ, აგრარული სექტორი კვლავ რჩება საქართველოს ეკონომიკის უსუსტეს რგოლად. შრომის დაბალი მწარმოებლურობა და აღრიცხვიანობის დღემდე მოქმედი მეთოდიკა ამ დარგს მექანიკურად აკუთვნებს გაცილებით მეტ „დასაქმებულს“, ვიდრე ეკონომიკის წარმოების ლოგიკითა და  დამატებული ღირებულების ფაქტობრივი მოცულობით შეიძლება არსებობდეს. ამ დარგის ჩამორჩენაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტში ქრონიკულად მრავალმილიონიანი  დეფიციტი აქვს.  

დარგის ჩამორჩენის ერთერთი განმსაზღვრელი ფაქტორი მისი ფინანსური რესურსებით არასათანადო უზრუნველყოფაა, რაც ვლინდება იმით, რომ დარგის წილი საკრედიტო დაწესებულებებისაგან აღებულ კრედიტებსა და უცხოურ ინვესტიციებში გაცილებით დაბალია, ვიდრე წილი საქართველოს ეკონომიკაში. საკრედიტო რესურსის სიძვირე და ეკონომიკური საქმიანობის მაღალრისკიანობა ის ფაქტორებია, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს სოფლის მეურნეობაში საკრედიტო რესურსების უფრო მასშტაბურ გამოყენებას და ინვესტიციების მოზიდვას. აგრარული სექტორის დინამიკური განვითარების გზა ცოცხალი შრომის წილის თანდათანობით შემცირებასა და ფინანსური რესურსებით მზარდ უზრუნველყოფაზე გადის. აღნიშნული დარგისათვის განკუთვნილი ფინანსური რესურსების გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ სფეროში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას, გადამზადებას, სწავლებას, მათთვის აგრარულ მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, წარმოების ორგანიზაციასა და მართვაში ბოლო ათწლეულებში დაგროვილი ცოდნის, გამოცდილების გადაცემას, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნება დარგში შრომის მწარმოებლურობის ამაღლება და აღნიშნული სექტორიდან შრომითი რესურსების გამოთავისუფლება ეროვნული ეკონომიკის სხვა, დინამიკურად მზარდ და პერსპექტიულ დარგებში ჩასართავად.

 ლიტერატურა: